ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირს, რამდენიმე მინისტრის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას სთხოვს. ამის შესახებ განცხადება ხატიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთა.
მისივე თქმით, საქმე ეხება 2005 წელს წყალტუბოში რევაზ დვალიშვილის წამების საქმეს, რომელსაც ახალი ხელისუფლება შეგნებულად არ იძიებს.
"დვალიშვილის საქმეს შემიძლია ვუწოდო "გირგვლიანი 2"-ის საქმე. ახალი ხელისუფლება იგივე მეთოდებით მუშაობს, როგორც ძველი ხელისუფლება. 2005 წელს რევაზ დვალიშვილი წყალტუბოს პოლიციაში აწამეს. ძველმა ხელისუფლებამ საქმე არ გამოიძია. 2007 წელს რევაზ დვალიშვილმა ევროსასამართლოს მიმართა. 2012 წელს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დასკვნა. დვალიშვილმა საქმე მოიგო. სახელმწიფოს განმცხადებლის სასარგებლოდ 12 000 ევროს გადახდა დაეკისრა. 2013 წლის 19 თებერვალს დვალიშვილმა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ. კბილაშვილის უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს. ჩვენ წინა პრესკონფერენციაზე ერთთვიანი ვადა მივეცით შს მინისტრს, რომ მას თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა წყალტურის პოლიციის უფროსი. როგორც ხედავთ, ეს ასე არ ხდება და შესაბამისად, დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ორშაბათს მივმართავ ევროკავშირს ოფიციალური წერილით, რომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი", - აცხადებს ხატიაშვილი.